კვირა
12.05.2024, 11:49
BJALONI-ვებ დიზაინი, რეკლამა
მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი სტატიების კატალოგი რეგისტრაცია შესვლა
საიტის განყოფილებე

ძებნა საიტზე

Bookin.com
Booking.com

მთავარი » სტატიები » საინტერესო სტატიები

ბიუჯეტის ყველაზე დიდი ქურდი გიგი უგულავაა
- პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კი პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ აქციის ორგანიზატორთა ნაწილთან არაფორმალური შეხვედრა და დიალოგი შედგა. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

- მე არ გამოვრიცხავ, რომ რაიმე ფარული შეხვედრა რომელიღაც ოპოზიციონერ ლიდერთან შედგა კიდეც. იმიტომ, რომ ასეთი რამ ჩვენ უკვე ვნახეთ იგივე 2007 წლის მოვლენების შემდგომ, როდესაც ერთ-ერთმა ოპოზიციურმა ლიდერმა განაცხადა, რომ მას ჰქონდა შეხვედრა ხელისუფლებასთან ისე, რომ ამის შესახებ არც პრესამ და არც მისმა კოლეგებმა არ იცოდნენ. ეს მხოლოდ შემდეგ გაირკვა. ასე რომ, მე არ გამოვრიცხავ რომელიმე ოპოზიციონერი, მოგეხსენებათ, 15-მდე პარტიაა აქციების ორგანიზატორი, შეიძლება რომელიმე შეხვდა კიდეც ბაქრაძეს. შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარე მცდარ ინფორმაციასაც ავრცელებს. მე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით.

- თქვენ კატეგოროიულად მიუღებლად მიგაჩნიათ დღევანდელ ვითარებაში ხელისუფლებასთან დიალოგი?

- არა. დიალოგი კატეგორიულად მიუღებლად არ მიმაჩნია. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ დღის წესრიგი თუ შეხვედრაზე იქნება ლაპარაკი და დიალოგზე. დღის წესრიგი უნდა ვიცოდეთ. დღის წესრიგის პირველ პუნქტში მიხეილ სააკაშვილის გადადგომაა. უფრო სწორად, გადადგომა კი არა, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა. გადადგომა შეიძლება დღესვე მოითხოვო, მაგრამ არის კიდევ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის საარჩევნო კოდექსი, საარჩევნო ადმინისტრაცია. რა ვადებში უნდა დაინიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები. გადადგომა, როგორც წესი, მოიცავს ამ შეხვედრის დღის წესრიგს, მაგრამ უფრო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი უნდა იყოს წინა პლანზე წამოწეული. თქვას პრეზიდენტმა რა პერიოდში გადადგება და ამ შეხვედრაზე შეიძლება იყოს საუბარი საარჩევნო კოდექსის შეცვლაზე. უნდა შევცვალოთ საარჩევნო ადმინისტრაცია, ცვლილებები უნდა შევიტანოთ კონსტიტუციაში. ასეთ შემთხვევაში ჩვენთვის დიალოგი მისაღებია. სიამოვნებით დავჯდებით ამ საკითხებზე მოლაპარაკების მაგიდასთან.

- მიტინგზე გამოიკვეთა, რომ საზოგადოება ხელისუფლებასთან დიალოგის წინააღმდეგია.

- საზოგადოება არ არის მოლაპარაკებების წინააღმდეგი. საზოგადოება არის მოლაპარაკებების წინააღმდეგი სხვა საკითხებზე, რაზე გვეუბნებიან - მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე, გლობალურ დათბობაზე და რა სატყუარას აღარ სთავაზობენ ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციას. მათ შორის დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ დიდ მსხვერპლზე წავალ და 2010 წლის შემოდგომის მაგივრად თანახმა ვარ მერის არჩევნები დაინიშნოს 2010 წლის გაზაფხულზეო. ასეთ სისულეებზე დიალოგის გამართვის წინააღმდეგია საზოგადოება. თუ ვინმე შეხვდება ხელისუფლებას და მერის არჩევნებთან დაკავშირებით გამართავს დიალოგს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი ვართ. ჩვენ, როგორც გითხარით, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ დიალოგზე ვართ თანახმა.

- ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილი ღიად საუბრობს პრეზიდენტის და ხელისუფლების არაადეკვატურობაზე. უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა მინაშვილმა კი არაერთხელ გაიმეორა, რომ ხელისუფლება მშვიდად არისო.

- არა, მინაშვილი კი აცხადებდა მშვიდად ვართო, მაგრამ ხელისუფლების შიგნით ძალიან დიდი პანიკაა. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ეს ნერვიულობა და პანიკა ხელისუფლების წარმომადგენლებს დებატებშიც ეტყობათ, პირისპირ შეხვედრის დროსაც. ზუსტად ასე იქცეოდა ედუარდ შევარდნაძე, როდესაც აცხადებდა, რომ არ მეშინია; მე რა მიგავს შეშინებულს; მანამდე არ აგიდგეთ გვერდები, მე რომ გადავდგეო. სინამდვილეში მას უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება გადადგომასთან დაკავშირებით. ასე რომ, ვფიქრობ, ახლაც ამასთან გვაქვს საქმე. გარეგნულად აცხადებენ ნაციონალები მშვიდად ვართო, სინამდვილეში კი ძალიან დიდი პანიკაა ხელისუფლების რიგებში.

- გარეგნულადაც ცდილობს პრეზიდენტი სიმშვიდე შეინარჩუნოს და ამას არაერთ რესტორანში ვიზიტითაც გვაჩვენებს. როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის ნაბიჯებს და იმ სიტუაციებს, რომელიც რესტორნებთან ფიქსირდება?

- პრეზიდენტი ნამდვილად არაადეკვატური პიროვნებაა. რა ერესტორნება, მე ძალიან მაინტერესებს. რესტორანში მიდიან დაწყნარებულ, დამშვიდებულ გუნებაზე. რა ექეიფება სააკაშვილს, როდესაც ასეთი უმძიმესი კრიმინალური ვითარებაა ქვეყანაში. როდესაც სახლებიც კი ინგრევა უნიჭო მშენებლობის გამო. მე მაინც მგონია, რომ სააკაშვილს რესტორნებში გამუდმებული სიარულით იმის დემონსტრირება უნდა, რომ მე მშვიდად ვარ და რესტორნებში დავდივარო, მაგრამ ეს ყველაფერი მას საპირისპიროდ უბრუნდება. რესტორანში ყველა მისვლაზე მორიგ შეურაცხყოფას ღებულობს ოპოზიციისგან. ვფიქრობ, ეს შეურაცხყოფა ლოგიკურია, რადგან თავის დროზე სააკაშვილი ოპოზიციას უზარმაზარ შეურაცხყოფებს აყენებდა, ხან ფარჩაკებს უწოდებდა, ხან გამჩმახებლებს. მახსოვს, ერთხელ, უდღეური პრიმიტივები გვიწოდა გრძელი ენებითა და მოკლე ჭკუით. აი ასე დაგვახასიათა. აქედან გამომდინარე, როცა ქარს დათეს, ქარიშხალს მიიღებ. ამიტომ, როდესაც დღეს პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში კურდღელს უშვებენ ჰალსტუხით, ყრიან ეზოში კომბოსტოს და სტაფილოს, ეს იმ შეურაცხყოფის შედეგია, რომელიც მან დათესა და ღებულობს უკან.

- ბატონო სოსო, სრულად არის დისკრედიტებული დღეს სააკაშვილი?

- სრულად დისკრედიტირებულია არა მარტო საშინაო პოლიტიკურ ასპარეზზე, არამედ საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე. ჩვენ ვხედავთ, რომ მას არავინ არ ხვდება, არც ერთი სერიოზული ქვეყნის სერიოზული ლიდერი მას არ ხვდება და არ ელაპარაკება.

- როგორ ფიქრობთ, ამ აქციების შედეგად მიხეილ სააკაშვილი გადადგება?

- პრეზიდენტი აუცილებლად გადადგება, ოღონდ ვადებს ვერ დავასახელებ. ეს შეიძლება ხანგრძლივი პროცესი იყოს, შეიძლება რამდენიმე თვეს გაგრძელდეს, მაგრამ შესაძლებელია, ხვალ დილას გავიღვიძოთ და დილაუთენია გააკეთოს სააკაშვილმა განცხადება გადადგომის შესახებ. სააკაშვილი ექსტრაორდინალური პიროვნებაა. ის რას მოიმოქმედებს, არავინ არ იცის. ჩვენ ვაცხადებთ პოლიტიკოსები, რომ შეიძლება პრეზიდენტის გადაყენება ხანგრძლივი პროცესი იყოს. შეიძლება ეს პროცესი ნოემბრამდეც გაიჭიმოს, მაგრამ ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, 2009 წელს მისი პრეზიდენტობა აღარ გასცდება. სააკაშვილი არის უკვე სრულიად გაკოტრებული და ის რაც არ უნდა ჩაებღაუჭოს თავის სკამს, რამდენიმე თვეზე მეტს ვეღარ გაძლებს.

- ოპოზიცია აცხადებს, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება აუცილებლად გასამართლდება იმ კონკრეტული დანაშაულობებისთვის, რომელიც ვიხილეთ. თქვენი აზრით, პირადად სააკაშვილი რა ბრალდებით უნდა გასამართლდეს და მისი გავლენიანი მაღალჩინოსნები?

- თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი საიმპიჩმენტო პროცედურის დოკუმენტები, სადაც ჩვენ იურიდიულად დასაბუთებული გვაქვს სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულობების ნუსხა. ეს ჩამონათვალი ძალიან შორს წაგვიყვანს. ეს დანაშაულობები ნაციონალების პრინციპით შევკრიბეთ და მივიღეთ სააკაშვილისთვის 400 წლამდე პატიმრობა. სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩადენილი ძირითადი დანაშაულები არის სამშობლოს ღალატი, საომარ მოქმედებებში დათმობები, ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, ხელისუფლების უზურპაცია, თანაც ორჯერ: ერთხელ 2003 წელს მეორედ 2008 წელს და ა. შ. ასე რომ, საკმაოდ მძიმე ბრალდებები აქვს სააკაშვილს ჩვენგან წაყენებული. შეგიძლიათ გაეცნოთ და სრულად გამოაქვეყნოთ.

- რა შეგიძლიათ თქვათ კონკრეტულ მაღალჩინოსნებზე, ლეიბორისტები მუდმივად ავრცელებთ ინფორმაციას საბიუჯეტო თანხების მითვისებასთან დაკავშირებით.

- სახელმწიფო თანხების მითვისებაში და პირადი ინტერესებისამებრ განკარგვაში შეგვიძლია დავასახელოთ ზურაბ ნოღაიდელი, ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. თვითონ სააკაშვილიც დიდი ქონების პატრონია. მოქმედმა პრემიერმა ნიკა გილაურმაც ძალიან დიდი ფული მოიპარა ბიუჯეტიდან და ყველაზე დიდი ბიუჯეტის ქურდი დღეს ხელისუფლებაში გახლავთ გიგი უგულავა. უგულავამ ქალაქის ბიუჯეტი პრაქტიკულად საკუთარი ჯიბის ბიუჯეტად გაადაქცია. ჩვენ ამის შესახებ საკრებულოს სხდომებზეც ვაცხადებდით. ძალიან დიდი ფულის პატრონი გახდა კობა სუბელიანი. მან ლტოლვილების ბიუჯეტი პრაქტიკულად სახლში წაიღო, პირად საბანკო ანგარიშებზე გადაიტანა. სახელმწიფო თანხებით გამდიდრდნენ გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია და სხვები.



(c) გაზეთი "ახალი თაობა"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

კატეგორია: საინტერესო სტატიები | დაამატა: shamura (14.06.2009)
ნანახია: 938 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
განყოფი კატეგორიებ
საინტერესო სტატიები [1]
პოლიტიკა [0]
მეცნიერება [0]
ხელოვნება [0]
სპორტი [0]
რელიგია [0]
ისტორია [2]
საინფ. ტექნოლოგიები [0]

მომხმარებლის მენიუ

გამოკითხვები
შეაფასეთ საიტი
პასუხები სულ: 29

საიტის მეგობრები
  • შექმენით საიტი
  • ვებ-დიზაინერისათვის
  • პროგრამები ყველასათვის
  • გართობის სამყარო
  • რუნეტის საუკეთესო საიტები
  • კულინარული რეცეპტები

  • სტატისტიკა

    საიტზე მთლიანად: 1
    სტუმრები: 1
    მომხმარებლები: 0

    Booking.com
    Booking.com


    Copyright MyCorp © 2024
    Create a free website with uCoz